ქრისტიანობა – ქრისტეს მოძღვრება, სამთაგან ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია ბუდიზმთან და ისლამთან ერთად. მას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა. საერთო ნიშანი, რომელიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა დენომინაციებს, არის რწმენა იესო ქრისტესადმი, როგორც ღმერთკაცის, მსოფლიოს მხსნელის, სამების მეორე პირის განმასახიერებლისადმი.
ქრისტიანული სწავლების მთავარი წყაროა ქრისტიანებისთვის წმინდა წიგნი – ბიბლია, განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილი – ახალი აღთქმა. ქრისტიანობა ისლამთან და იუდაიზმთან ერთად მიეკუთვნება ე.წ. “აბრაამისეულ რელიგიებს”.
ქრისტიანობა წარმოიშვა იუდაიზმის წიაღში ახ.წ. 1-ელ საუკუნეში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში – პალესტინაში. ახალი მოძღვრება ბერძნული და ლათინური ენების წყალობით იოლად ვრცელდებოდა უზარმაზარ რომის იმპერიაში. გადმოცემის თანახმად, თომა ქადაგებდა ინდოეთში და სპარსეთში, ანდრია – კავკასიასა და ბალკანეთში, მარკოზი – ეგვიპტეში. ქრისტიანული გადმოცემის თანახმად პირველ ქრისტიანეთა ხვედრი მძიმე იყო, მათ დევნიდნენ, დასცინოდნენ, სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ. პეტრე და პავლე 64 წელს აწამეს რომში, მოციქულთაგან უკანასკნელი გარდაიცვალა იოანე. მოციქულები შეცვალეს ეკლესიის მამებმა. ქრისტიანული გადმოცემების თანახმად მათაც დევნიდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ. ქრისტიანობას მალე გამოუჩნდნენ დამცველები თვით რომის იმპერიაში. იმპერატორმა კონსტანტინემ ცნობილი “სასწაულის” შემდეგ იწამა და ნება დართო ღვთისმსახურებისა. ასე თანდათან იკვალავდა გზას ახალი ჰუმანური მოძღვრება.
IV საუკუნეში სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებულმა ქრისტიანულმა ეკლესიამ თავისი მოწყობა რომის იმპერიის ადმინისტრაციულ დაყოფას შეუსაბამა. რომის იმპერია იყოფოდა დაახლოებით 100 პროვინციად, ყოველი პროვინცია – რამდენიმე საქალაქო ოლქად. ქრისტიანულმა ეკლესიამ ამ ოლქებში სამრევლოები მოაწყო, რომლებსაც მღვდლები უძღვებოდნენ. ისინი ექვემდებარებოდნენ სამოქალაქო ოლქის ეპისკოპოსს, ხოლო საქალაქო ოლქების ეპისკოპოსები – პროვინციის არქიეპისკოპოსს (მთავარ ეპისკოპოსს). არქიეპისკოპოსებზე უფრო მაღლა იდგნენ პატრიარქები. საპატრიარქო იყო ხუთი: რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის. მიჩნეული იყო, რომ საპატრიარქოები იესო ქრისტეს მოციქულებმა დააარსეს. ქრისტიანული ეკლესიის ერთიანობას განასახიარებდნენ მსოფლიო საეკლესიო კრებები.
IV საუკუნის ბოლოს, რომის იმპერიის ორად გაყოფის შედეგად, დასავლეთ რომის იმპერიაში მოექცა რომის საპატრიარქო, ხოლო დანარჩენი ოთხი კი აღმოსავლეთ რომის იმპერიაში.
სამღვდელოების განსაკუთრებულ ჯგუფს შეადგენენ ბერ-მონაზვნები, რომლებიც განკერძოებით ცხოვრობენ მონასტრებში. ქრისტიანული ბერ-მონაზვნობა III საუკუნეში ეგვიპტეში წარმოიშვა. ბერ-მონაზვნობის დამაარსებლად ითვლება წმინდა ანტონი. გადმოცემით, წმინდა ანტონს გამოეცხადა ანგელოზი, რომელიც შენაცვლებით ლოცულობდა და მუშაობდა. ანგელოზმა უთხრა ანტონს, რომ თუ ისიც მისნაირად მოიქცეოდა, ცხონებას მოიპოვებდა. ქრისტიანები, რომლებსაც გაგონილი ჰქონდათ ანტონის შესახებ, მის გვერდით სახლდებოდნენ და ქმნიდნენ ახალ ქრისტიანულ ბერ-მონაზვნურ თემს – მონასტერს.
საქართველოში პირველი მონასტრები ვახტანგ გორგასალმა დააარსა V საუკუნის მეორე ნახევარში. სამონასტრო მოღვაწეობამ განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო VI საუკუნეში, ასურელ მამათა მოსვლის შემდეგ.
დასავლეთში ბერ-მონაზვნობის დამაარსებლად ითვლება წმინდა ბენედიქტე, რომელიც VI საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა. მან შექმნა პირველი სამონასტრო წესდება. დასავლეთში დიდ მონასტრებს სააბატოებს უწოდებენ, ხოლო მათ წინამძღვრებს – აბატებს. როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მონასტრებს თავისი მეურნეობა აქვთ. მონასტრებში ხდებოდა ხელნაწერების გადაწერა, ბევრ მონასტერთან არსებობდა სკოლა. ზოგ მონასტერში ეწეოდნენ მეცნიერულ-თეოლოგიურ მოღვაწეობას.
თავდაპირველად ხუთივე პატრიარქის უფლება-მოვალეობები თანაბარი იყო და რომის პაპს არავითარი უპირატესობა არ გააჩნდა სხვა დანარცენ პატრიარქებთან შედარებით. რაც შეეხება სიტყვა “პაპს”, ამ სახელს ყველა პატრიარქს უწოდებდნენ მამის, მოძღვრის გაგებით. შემდგომი ეს ტერმინი კონკრეტულად რომის პაპს დაუმკვიდრდა. რომის პაპების მიერ განსაკუთრებული მდგომარეობის მოპოვება ორმა გარემოებამ გამოიწვია. ყოფილი დასავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე რომის პაპებს მეტოქეები არ ჰყავდათ და ისინი ერთადერთი პატრიარქები იყვნენ. ამასთანავე, 476 წელს დასავლეთ რომის იმპერიაში მოისპო საიმპერატორო ხელისუფლება, რომელსაც შეეძლო მნიშვნელოვნად შეეზღუდა რომის პატრიარქების ძალაუფლება. 755 წელს, ფრანკთა მეფის პიპინ მოკლეს მიერ რომის პაპის ოლქის შექმნამ, რომის პაპები, რომლებიც დასავლეთ ევროპის უმაღლესი სასულიერო პირები იყვნენ, საერო ხელისუფლებითაც აღჭურვა.
რომის პაპები მიისწრაფვოდნენ აღმოსავლეთ ქრისტიანული ეკლესიის დაქვემდებარებისკენ და აღვივებდნენ პაექრობას კონსტანტინოპოლის პატრიარქებთან საღვთისმეყველო საკითხების ირგვლივ. 1054 წელს, რომის პაპმა კონსტანტინოპოლში გააგზავნა თავისი ელჩები – ლეგატები. ლეგატებმა წმინდა სოფიას ტაძრის საკურთხეველზე დადეს ბერძნული ეკლესიის წყევლა-კრულვის შემცველი სიგელი. ბერძნულმა სამღვდელოებამ დაწვა წერილი და თავის მხრივ წყევლა-კრულვა შეუთვალა რომის პაპს. ამის გამო, 1054 წელს, დასავლური და აღმოსავლური ქრისტიანული ეკლესია საბოლოოდ გაიყო. აღმოსავლურ ეკლესიას მართლმადიდებლური ეწოდა, ხოლო დასავლურს – კათოლიკური
კათოლიკური ეკლესია ამჟმადაც ცენტრალიზებულია და ექვემდებარება რომის პაპს, ხოლო მართლმადიდებლური – დეცენტრალიზებული ავტოკეფალიურ ეკლესიებად. კათოლიკურ ეკლესიაში მღვდელმსახურება მხოლოდ ლათინურ ენაზე სრულდება, მართლმადიდებლურ ეკლესიებში კი – ეროვნულ ენებზე.
ქრისტიანობა შედგება სამი ძირითადი მიმდინარეობისგან: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა.
ქრისტიანული სწავლება მოიცავს სწავლებას ღმერთის, იესო ქრისტეს, სულიწმინდის, სულის ცხონების, ეკლესიის არსის და სამყაროს აღსასრულის შესახებ და გარკვეულწილად ეფუძნება ძველი აღთქმის ათ მცნებას:
1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.
2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა.
5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.
6. არა კაც-ჰკლა.
7. არ იმრუშო.
8. არ იპარო.
9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.
ქრისტეს მთაზე ქადაგება იესოს მოძღვრების ბირთვს წარმოადგენს. მამა ღმერთის ათ მცნებასთან ერთად ქრისტეს სწავლება ქრისტიანთათვის წმინდათა-წმინდაა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეიქმნა ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე – დაახლოებით 326 წელს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იერარქიულად საბერძნეთის ეკლესიას ექვემდებარებოდა. V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა მცხეთის საეპისკოპოსო შეცვალა ქართლის საკათალიკოსოთი და კათალიკოსი ანტიოქიის პატრიარქისგან დამოუკიდებელი გახადა. ამგვარად, ვახტანგ გორგასალმა ქართლის ეკლესიას ავტოკეფალია მოუპოვა. დაახლოებით IX – X საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს ეკლესია – აფხაზეთის საკათალიკოსო გამოვიდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის დაქვემდებარებიდან და ქართლის საკათალიკოსოს დაექვემდებარა.
XI საუკუნიდან საქართველოს მართლმდიდებელი ეკლესიის უმაღლესი მესაჭე კათალიკოს-პატრიარქის ატარებდა და რიგით მეექვსე იყო მსოფლიო პატრიარქთა შორის. 1054 წლის საეკლესიო განხეთქილების შემდეგ კი მართლმადიდებლურ სამყაროში დარჩენილმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მეხუთე ადგილზე გადმოინაცვლა ალექსანდრიის, ანტიოქიის, კონსტანტინეპოლისა და იერუსალიმის პატრიარქებს შორის.
ივანე ჯავახიშვილის აზრით, ქრისტიანობის ისტორია საქართველოში III საუკუნის დამდეგიდან იწყება, ხოლო ოფიციალურ თარიღად ცნობილი 326 წელი სარწმუნოების ოფიციალურად გამოცხადებას ეხება, რაც ყველა ქვეყანაში უფრო გვიან ხდებოდა. ქრისტიანობის გავრცელებას საქართველოში მოციქულ ანდრიას და სიმონ კაკანელს მიაწერენ.
კათოლიკური ეკლესია საქართველოში მოღვაწეობს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან, ხოლო პირველი პროტესტანტული ეკლესიები დაარსდა მე-19 საუკუნეში.
No comments:
Post a Comment