თითქმის ოცდახუთი წელი გავიდა მამა გაბრიელის გარდაცვალებიდან. მას მერე ბევრი ითქვა და დაიწერა ამ წმინდა ბერზე. თითქოს რა უნდა ითქვას ახალი? მაგრამ, როცა ამ სტატიას ვამზადებდი, ბევრი ისეთი მარგალიტი "აღმოვაჩინე" მასზე დაწერილ მოგონებებსა თუ საკუთარ მეხსიერებაში, მიხარია, მათ შესახებ რომ უნდა მოგითხროთ. სიმდაბლე ენით აუწერელი სიმდაბლე ჰქონდა ბერ გაბრიელს. როცა საცხოვრებლად სამთავროს დედათა მონასტერში გადავიდა, სენაკად ხის ძველი საქათმე აირჩია.”აქ გაბრიელ ბერმა უნდა იცხოვროს და არავინ გაბედოს შესვლაო,”- გამოუცხადა დედებს.მორჩილებმა ჩუმად დაასუფთავეს საქათმე, სადაც ზამთარში ორპირი ქარი უბერავდა და საშინლად ყინავდა, მაგრამ ეს არ აღელვებდა.”ნუ დარდობ, - უთხრა თავის მორჩილს, - მე არც სიცივე მაწუხებს და არც სიცხეს ვგრძნობო.”მას არც კაცთა ქება ურღვევდა სიმშვიდეს და არც მათმიერი ძაგება. მაშინ როცა გონებანაკლული ადამიანები ქვებს ესროდნენ და "ჩიე-ჩიეს" ეძახდნენ, მშვიდად ეტყოდა ხოლმე, -”ხო, ჩიე-ჩიე ვარო” და დაიწყებდა ბალახის ჭამას. "ოთარ, ქრისტე, რომ გზაში შეგხვდეს, როგორ მოიქცევი?"- ჰკითხა ერთხელ სულიერ შვილს, მან კი დაბნეულმა კითხვა შეუბრუნა:”- "შენ რას იზამდი, მამა გაბრიელ?" ძაღლივით ყეფასა და ხტუნვას დავიწყებდი. მე ხომ მისი ძაღლი ვარ და ვყეფავ, თუმცა ძაღლიც მჯობს - ის უცოდველია, მე კი დიდად ცოდვილი ვარო. მარხვა მკაცრი მმარხველი იყო. ოჯახის წევრები იხსენებენ: ხშირად თვეობით ჩაიკეტებოდა თავის კელიაში, საჭმელს არ იღებდა. ბევრჯერ უნახავთ მკაცრი მარხვისგან დაუძლურებული. იტყოდა: - საქართველოს სიყვარული საჭმელში როგორ გავცვალო? ადრე თუ ერთი ჯამი ლობიო არ მყოფნიდა, ახლა, ღვთის შეწევნით, წელიწადში ერთი პურიც მყოფნისო. სხვის დასანახავად გადაიღებდა თეფშზე საჭმელს და სხვას უწილადებდა. იტყოდა, რამდენი მშიერია და მე როგორ შემიძლია ვჭამოო. დასძენდა, - კარგ ბერს ერთი სეფისკვერი უნდა ეყოსო. საქართველო უყვარდა თავისი ტანჯული სამშობლო. მისი დარდი გულზე რომ შემოაწვებოდა, დედებს ეტყოდა, "იავნანა" მიმღერეთო. ღვთისმშობლის ხატის წინ დამხობილი ევედრებოდა დედა მარიამს, - მე შემიწირე, ოღონდ საქართველო გადამირჩინეო. იტყოდა ხოლმე: ვაი, იმ ბერსა და მონაზონს, ვისაც ერის სატკივარი არ სტკივაო. არ უყვარდა, როცა ქართველები სამშობლოს ტოვებდნენ,”- ღვთისმშობელს სწყინსო.
”ივერია გაბრწყინდებაო, - იმედს უღვიძებდა ქართველობას. დაფარულთმცოდნე ”ძნელი” იყო მორჩილისთვის მამა გაბრიელის გვერდით ყოფნა, ყველაფერი იცოდა, რასაც ფიქრობდი.”ახლა ამას ფიქრობ, ნარიმან, ახლა იმასა, - ეუბნებოდა მორჩილს (ამჟამად მამა ნიკოლოზი). ერთხელ, ტრაპეზობისას ნარიმანმა გადაწყვიტა აღარაფერზე ეფიქრა. ცოტა ხანში მამა გაბრიელმა ფრთხილად წაჰკრა მხარზე ხელი და უთხრა:”- ეგრე არ შეიძლება, ნარიმან, რაღაცაზე უნდა იფიქროო. დღეს მინისტრი ვარ, მიღების დღე მაქვსო,”- ამბობდა ხოლმე, როცა მნახველები გაუმრავლდებოდა.”საწინასწარმეტყელო ანაფორა მომეცით,”- იტყოდა სალოსურად, წამოისხამდა ძველ, გაცრეცილ ანაფორას და დაიწყებდა, მაგრამ რას დაიწყებდა! ამ თამაშ-თამაშში ზოგს მომავალს უწინასწარმეტყველებდა, ზოგს დაფარულ ცოდვებში ამხელდა, თანაც ისე, რომ ამას მხოლოდ ადრესატი ხვდებოდა. ბევრიც მხოლოდ წლების მერე მიმხვდარა მისი ნათქვამის აზრს. რამდენიმე მორწმუნეს ეპისკოპოსობა უმისნა და აცხადდა. ერთ გოგონას უთხრა, - 12 წლის მერე იღუმენია გახდებიო. ეს ნათქვამიც ასრულდა. საოცარი სულიერი ძალის პატრონი იყო. შუადღის მზეს დისკოში თვალმოუცილებლად უყურებდა. ამის შემსწრე გაოცებული სულიერი შვილისთვის უთქვამს, -”ეგ რა არის, ამაზე მეტი მზის გამჩენის ყურებააო. დიდი ძალა ჰქონდა მის სიტყვას. ერთმა მღვდელმა უთხრა:”- მაპატიე, მამაო, მაგრამ შენი სასწაულებისა არა მჯერაო.”დაიჩოქეო, - მიუგია ბერს. მღვდელს დაუჩოქია.”გაკურთხებ, რომ ადგე, მაგრამ თუ ბიჭი ხარ, წამოდექიო,”- უბრძანებია ბერ გაბრიელს.”ვერ წამოვდექიო,”- უთქვამს მღვდელს. მკურნალი დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი მამა გაბრიელზე გამოცემულ წიგნში წერს: ერთხელ მამა არჩილს სტომატოლოგის უსულგულობით ფლუსი განუვითარდა, სიცხე 410-ს ასცდა. იმ დღეს მამა არჩილის დედა და ძმა (ცნობილი თეოლოგი აკაკი მინდიაშვილი) მცხეთის გავლით სოფელში უნდა წასულიყვნენ. მამა არჩილმა მათ სთხოვა და თან ორჯერ გაუმეორა: დილით ჯერ მამა გაბრიელთან გაიარეთ, ჩემი ამბავი აცნობეთ, რომ ლოცვებში მომიხსენიოს და მერე განაგრძეთ გზაო (ბატონი აკაკი მაშინ არაეკლესიური იყო). ისინი ჯერ სოფელში ჩავიდნენ, საღამოს კი სამთავროს მიაკითხეს. მონასტრის ეზოში ფეხის შედგმისთანავე იქვე მჯდარი მონაზონი თითქმის სირბილით მიეჭრა მათ და უსაყვედურა:”- თქვენ ხომ მამა არჩილის დედა და ძმა ბრძანდებით, მამა გაბრიელი დილიდან გელოდებათ, მეც თქვენს მოსვლას ვდარაჯობ მისივე კურთხევით. ბრაზობს ბერი, რომ მამა არჩილის კურთხევა სწორად არ შეასრულეთ. უჭირს მამა არჩილსო. მამა გაბრიელმა სიყვარულით მიიღო სტუმრები, ჯერ დატუქსა, შემდეგ ატრაპეზა, თვითონაც რამდენიმე ჭიქა ღვინო დალია და”შემთვრალმა”სთხოვა, - ჩემს მამა არჩილთან წამიყვანეთო. სახლში როცა შევიდნენ, ბარბაცითა და ტორტმანით მივიდა საწოლთან, სნეულს ზედ გადაემხო და სრულიად ფხიზელი ხმით უთხრა: - შენი მამა გაბრიელი მოვიდა და ყველაფერი კარგად იქნებაო. გასივებულ-დაჩირქებულ ყბაზე ხელი ჩუმად მოუჭირა, თან ჩურჩულებდა:”სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინო.”მამა არჩილს კბილის ტკივილმა უკლო, სიცხემ დაუწია და მალე სულ გამოჯანმრთელდა. სასწაულები სიცოცხლეშივე ღვთის მადლით ბევრ სასწაულს ახდენდა. ერთ მონაზონს, დედა პელაგიას, შვილი ჰყავდა ავად. ექიმებმა ვერაფერი გაუგეს. მამა გაბრიელმა სნეული თავისთან მიაყვანინა, ღვთისმშობლის დიდი ხატი წყლით ჩამორეცხა, ნაბანი წყალი სნეულს დაალევინა. ქალიშვილი მაშინვე განიკურნა. ერთხელ მამა გაბრიელს სულიერი შვილი ესტუმრა. ბერი წესისამებრ გაუმასპინძლდა. ყმაწვილმა ტაფაში ჩარჩენილი კარტოფილი მოასუფთავა, არ ეყო. დედა პარასკევამ მოძღვარს უთხრა, - დასათლელი კარტოფილიც აღარ გვაქვსო.”ჰო, კარგი,”- ჩაილაპარაკა ბერმა, მერე კი სტუმარს მიმართა: - გადი, აბა, გაიხედე. ეზოში ორი მონაზონი ხომ შემოვიდაო. ყმაწვილი გარეთ გავიდა. მართლაც ამ დროს მონასტრის ეზოში მონაზვნები შემოვიდნენ.”შემოვიდნენო, - უთხრა ბერს.”კარგი, დაჯექი და კარტოფილი გადაიღეო,”- შესთავაზა მამა გაბრიელმა. ტაფა სავსე იყო შემწვარი კარტოფილით, ვაჟმა საჭმელი თეფშზე გადაიღო და ჭამა განაგრძო, მაგრამ უეცრად ლუკმა ყელში გაეჩხირა:”წეღან ხომ ტაფაში აღარაფერი იყო, ბოლო ლუკმა მე შევჭამე, ეს კარტოფილი საიდანღა გაჩნდაო. მამა გაბრიელის მიერ მოხდენილი სასწაულების მოსმენისას მისმა სულიერმა შვილმა, ქეთევანმა გაიფიქრა: ნეტავ მთების გადადგმა თუ შეუძლიაო. ამ დროს ბერმა ჰკითხა:”გინდა, ეს მთები გადავაადგილო? ქალიშვილმა თავი დაუქნია, გულში კი გაივლო, - მაშინ ყველაფერი დაინგრევაო. მამა გაბრიელმა მის გულისთქმასაც უპასუხა, - არაფერიც არ მოხდებაო. მერე კი დაეჭვებულ სულიერ შვილს ტირილით უთხრა:”რატომ არ გჯერა ჩემი? ეს ჩემთვის არაფერია, ღმერთს რომ ვთხოვო, შემისრულებს! ღმერთს არა აქვს დაბრკოლება, იცოდე! სასწაული ის კი არ არის, მთა გადაადგილდება თუ არა, არამედ ის, რომ ძროხა მწვანე ბალახს ძოვს, რძე კი თეთრია. ნუთუ არ გიკვირს ამოდენა დედამიწა რას უკავია? ეს ხომ საოცრებათა საოცრებააო!” ჩემს საფლავზე ნახევარი საქართველო მოვაო,”- უთქვამს. მართლაც, ისე გამრავლდა მამა გაბრიელის მიერ მოხდენილი სასწაულები, რომ უკვე აღარაფერი გვიკვირს. ყველას შეეწევა ბერი გაბრიელი, ვინც იცნობდა მას, თუ სიკვდილის შემდეგ გაიცნო. დაბოლოს, ბერი გაბრიელის დარიგებაც მოვისმინოთ: "ილოცეთ ყველასთვის, ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს შესძრავს"... საუკუნოდ იყოს ხსენება ბერი გაბრიელისა და მისი წმინდა ლოცვით შეგვიწყალოს სახიერმა ღმერთმა. ამინ!
No comments:
Post a Comment